თერაპიულ ვორქშოპი: “შინაგანი ჰარმონია” ექსელენთ სივრცეში
18 ნოემბერს “ექსელენთ სივრცე” – მ თერაპიულ ვორქშოპს უმასპინძლა.
ჩვენი პარტნიორები კი ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრის Dao – დაო – ს წევრები იყვნენ.
სტუმრებს უზომოდ საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ და საჩუქრად სახის მოვლის პროცედურაც მიიღეს.
ვორქშოპის დასრულების შემდეგ კი დღის ბოლომდე სპა ცენტრითა და აკვაპარკით ისიამოვნეს.
შეხვედრამდე გადავწყვიტეთ, რომ “დაოს” თანადამფუძნებელთან, გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) ლიცენზიის მქონე ფსიქოთერაპევტთან, თათია რაზმაძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაგვეწერა დასვენების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ:
– თათია, მოგვიყევით, როდის და რა მიზნით შეიქმნა “დაო”?
– “დაოს” შექმნა ოთხი ახალგაზრდა ქალის იდეა იყო, რომლებმაც საკუთარი ძალების და პროფესიონალიზმის გაერთიანება გადაწყვიტეს. ორი ფუნდამენტური ღირებულება რაზეც დაო დგას არის, ერთი მხრივ ფსიქოგანათლების მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება, ხოლო, მეორე მხრივ, თანამშრომლებისთვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.
– როდის ხდება დასვენება და განტვირთვა აუცილებელი?
– დასვენება და განტვირთვა კულტურის ნაწილია და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს ამ საკითხის მიმართ. ჩვენს რეალობაში დასვენება ხშირად უსაქმურობად აღიქმება, სინამდვილეში, სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც ჩვენს პროდუქტიულობას დიდწილად განსაზღვრავს. რომ შევაჯამო, დასვენება, განტვირთვა და საკუთარ თავზე ზრუნვა ჰაერივით აუცილებელია, თუ გვსურს, რომ წარმატებულები ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით.
– როგორ ავსებს ერთმანეთს ფიზიკური და სულიერი რელაქსაცია?
– როგორც წესი, ერთმანეთისგან არის გამიჯნული სხეული და ჩვენი ფსიქიკური (თუ გნებავთ, სულიერი) ნაწილი. თითქოს, შესაძლებელია ამ ორის დამოუკიდებლად არსებობა და ფუნქციონირება, მაგრამ ძველი ბერძნები ამბობდნენ, ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულიაო, და არც ცდებოდნენ. სინამდვილეში, ერთადერთი მართებული დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, მისი ჰოლისტური აღქმაა. შესაბამისად, ჩვენს ფსიქიკაზეც იმდენად ღირს ზრუნვა, რამდენადაც ჩვენს სხეულზე და პირიქით. იდეალური დასვენება გულისხმობს, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ განტვირთვას.
– მართლა შესაძლებელია საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ყოფნა? და თუ კი, რამდენად გრძელი გზის გავლაა საჭირო?
– შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტ ადამიანს აქვს გამოცდილი ეგ მდგომარეობა, ვიდრე წარმოგვიდგენია. უბრალოდ, აქ ორი ფაქტორი იჩენს თავს: ერთი ის, რომ კარგად ყოფნის და ჰარმონიის შემჩნევა უფრო გვიჭირს, ვიდრე ცუდად ყოფნის და მეორე – მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მუდმივად განგრძობითი მდგომარეობაა. მთავარია, წამის, იმ მომენტის დაჭერა შევძლოთ, როცა სიმშვიდე და ჰარმონია მოდის. ეს კი საკუთარ თავზე დაკვირვებისა და ზრუნვის გარეშე შეუძლებელია. დრო ჭირდება საკუთარი თავის, სხეულის, სულისა და ემოციური მდგომარეობის შეცნობას. სწორედ ამაში გვეხმარება დასვენებისთვის დროის გამოყოფა.
– რა შემთხვევაში აძლევთ პაციენტებს სპა სივრცის გამოყენების, თავის მოვლის პროცედურების ჩატარებისა და მასაჟით სარგებლობის რეკომენდაციას?
– ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია Gino Paradise – ის მსგავსი სივრცეების არსებობა, იმისთვის რომ განტვირთვა, რელაქსაცია და დასვენება კულტურის ნაწილად იქცეს, ისე როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, სადაც შრომის ფასიც იციან (“დრო ფულიას” პრინციპი) და საკუთარ თავზეც ზრუნვის ფასიც (“შაბათ-კვირა ჩემია”). გულწრფელად გეტყვით, არასდროს ვაკონკრეტებთ ასე სპა, მასაჟი, ცურვა და ა.შ. მაგრამ ე.წ. Self care პროცედურები, რომელიც ყოველივე ჩამოთვლილს მოიცავს, პირველივე შეხვედრაზე ჟღერდება, როგორც წესი.
– რა რჩევას მისცემდით ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მცირე დრო აქვა საკუთარი თავისთვის?
– როგორც აღვნიშნე დროის დაბალანსება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ დასვენების დრო მცირეა, მით უფრო ყურადღებით უნდა შევარჩიოთ დასვენების აქტივობა. დასვენების ერთადერთ ფორმად არ უნდა განიხილებოდეს “არაფრის კეთება”, პირიქით, მაგ მცირე დროში საკუთარი თავისთვის რამე ღირებულის გაკეთება ღირს სწორედ, მაგალითად თავს უფლება მივცეთ და სარელაქსაციო მასაჟით დავაჯილდოოთ გაწეული შრომისთვის, ან სპა პროცედურებით გავანებივროთ. აუზი და წყალი, ხომ მთლად სასიცოცხლო ენერგიის წყაროა (ეს ბოლო, სუბიექტურად, ასეა ჩემთვის). მოკლედ, ყველას შეუძლია საკუთარი მცირე სამოთხე შეიქმნას და პატარ-პატარა ბედნიერებები აჩუქოს საკუთარ თავს.